24 ნოემბერი 2020,   22:53
ვრცლად
ერთადერთი რისი იმედიც დარჩა "ქართულ ოცნებას" არის ის, რომ ცოტანი მივალთ არჩევნებზე - გიორგი ვაშაძე ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს 

"სტატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა დაბალი იქნება.

"დღის კურიერის" ეთერში მან მოუწოდა საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, მაგრამ მთავარი, რაც უნდა ვუთხრა ყველა ამომრჩეველს, არის ის, რომ ერთადერთი, რისი იმედიც დარჩა "ქართულ ოცნებას" არის, რომ ცოტანი მივალთ არჩევნებზე. ძალიან გთხოვთ, ყველანი მოხვიდეთ და მიიღოთ აქტიური მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ, რომ თქვენი ხმა გადაწყვეტს თქვენი, თქვენი ოჯახის და მთლიანად საქართველოს ცხოვრების ბედს არამარტო მომდევნო 4 წლის მანძილზე, არამედ ათწლეულების განმავლობაში. მე არმაგედონები არ მიყვარს, რომ საქართველოს გაქრება და ასე შემდეგ, ვინ გააქრობს საქართველოს, ვერასდროს ვერ გაქრება, მაგრამ  დღევანდელი გაჭირვებას კიდევ უფრო დამძიმებისკენ წაიყვანს "ქართული ოცნება", რადგან თუ აქამდე არაფერი არ გააკეთეს, ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

გიორგი ვაშაძემ მმართველი გუნდის ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც ოპოზიციას რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში სდებს ბრალს. 

"ეს არის მათი სტანდარტული საარჩევო კამპანიის ნაწილი, ყველა არჩევნების  ერთი და იგივე სისულელე, რასაც ისინი ლაპარაკობენ. ამასაც ყავლი გაუვიდა, მოგვბეზრდა, ჯობია გაჩუმდნენ უბრალოდ. ბოლო დღეებში უნდა საუბრობდე რას გააკეთებ, რაა გააკეთე და რის გაკეთებას აპირებ, არცერთის თქმა არ უნდა "ქართულ ოცნებას", რადგან არც არაფერი გაუკეთებია და არც არაფრის გაკეთებას არ აპირებს ფულის კეთების გარდა და გადადის თავის სტანდარტულ, წარსულზე საუბარზე, აი, ეს წარსული მომბეზრდა მე. დიახ, ვეუბნები მხარდამჭერებს, ისინი, ვინც გადაუწყვეტელები არიან ჯერაც, მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა გვინდა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს იმისთვის, რომ დავიწყოთ აღმშენებლობა და ეს ბლეფები დავამთავროთ. მოდი ერთმანეთს შევეჯიბროთ საქმის კეთებაში, ინვესტიციების მოზიდვაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, პენსიონერისთვის ხელის გამართვაში, ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვაში, ქვეყნის უკეთესად მართვაში, მოქალაქეებზე ორიენტირებულობაში,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

გიორგი ვაშაძემ, ასევე, განაცხადა, რომ კვლევების მიხედვით, მის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს. 

"ყოველთვის კეთდება კვლევები და პირველ ადგილზე ჩემი კანდიდატურა ხალხის მხარდაჭერით პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ დიდი იქნება პარტიული მხარდაჭერაც. ეს არის, დაახლოებით 25-27% მიმდინარე კვლევებში,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები