24 ნოემბერი 2020,   22:20
ვრცლად
არ დავუშვებთ არსებული ხელისუფლების დარჩენას ან ძველი ხელისუფლების მოსვლას სათავესთან - მამუკა ხაზარაძე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოში ალტერნატიული ძალა სჭირდებათ. როგორც პარტიის სიის პირველი ნომერი აცხადებს, სწორედ "ლელოა" ის ძალა, რომელიც საზოგადოებას სიახლეებს შესთავაზებს. 

"კოალიციაში ვიქნებით წარმმართველი ძალა და არ დავუშვებთ არსებული ხელისუფლების დარჩენას ან ძველი ხელისუფლების მოსვლას სათავესთან, ეს არის გამორიცხული. ადამიანებს სჭირდებათ ალტერნატივა. ეს ალტერნატივა "ლელომ" ერთი წლის წინაც შექმნა თავისი დაფუძნებით, უზარმაზარი არმიით, პროფესიონალებით, კონკრეტული გეგმით, ხედვით, მარშალის გეგმით. ჩვენ ვართ ყველაზე მობილური და პროფესიაზე ორიენტირებული გუნდი. შესაბამისად, ახლა არის მთავარი თითოეულმა ადამიანმა, ჩვენმა მხარდამჭერმა მოიყვანოს თავისი მეგობარი და პლუს ერთი ხმით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საქართველოს ისტორია მნიშვნელოვნად," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას გამარჯვების შემთხვევაში საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა. 

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე, საკმაოდ სერიოზული კანონი მომზადებული. უპირველეს ყოვლისა ეს იქნება სასამართლო სისტემის გამოყოფა, ანუ კერძო სასამართლო არბიტრაჟის დაფუძნება საქართველოში, იმისათვის, რომ ეკონომიკამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ის სამართლებრივი გარემო, ლაპარაკია საერთაშორისო არბიტრაჟზე. ეკონომიკამ, საერთაშორისო დიდმა კორპორაციებმა და ქართულმა კორპორაციებმა მიიღონ თავისუფლება სასამართლო წნეხისაგან. ამ ნაბიჯით ვაპირებთ ჩვენ გამიჯვნას სასამართლო სისტემის, ხოლო ჩვეულებრივი სასამართლო გაგრძელდება აუცილებლად. აუცილებლად უნდა დაფუძნდეს საქართველოში ფინანსური ცენტრი, რომელიც მოგცემს საშუალებას, ეს არის საფონდო ბირჟა, რომ შევუერთდეთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ფინანსურ ცენტრებს, რათა უწყვეტი კაპიტალის შემოდინება განვახორციელოთ. მოხდება საკრედიტო და საბანკო სისტემის სრული რეფორმირება და რაც ყველაზე მთავარია, შემოვიღებთ სამ მილიარდიან ფონდს და მთელ მოსახლეობას გავუკეთებთ რეფინანსირებას," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები