24 ნოემბერი 2020,   22:45
ვრცლად
შემაშფოთებელია საზღვრის დემარკაციის პოლიტიზაციისა და ამომრჩეველთა ეროვნული გრძნობებით მანიპულირების მცდელობა - მესამე სექტორი განცხადებას ავრცელებს

ივერ მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს. რამდენიმე ორგანიზაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშს ეწირება ორი უდანაშაულო პროფესიონალის ბედი და ღირსება.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები საქმეზე სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას ეკისრებენ.

"ასეთი პოლიტიკური თამაში განსაკუთრებით სახიფათოა იმ დროს, როდესაც განახლდა სრულმასშტაბიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საფრთხე ექმნება სტაბილურობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იმ პროგრესს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მიაღწია. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საზღვრის დემარკაციის პოლიტიზაციის მცდელობა. იგი ამომრჩეველთა ეროვნული და რელიგიური გრძნობებით წინასაარჩევნო მანიპულირებისა და ოპოზიციაზე თავდასხმისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის, მაგრამ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. სარისკო თამაში გარეჯის საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას სულ უფრო გვაშორებს, ქმნის დაძაბულობას მეზობელ სახელმწიფოსთან და პოტენციურად, ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროებას შეიცავს."- წერია განცხადებაში, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენლების სახელით გავრცელდა.​

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები - ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, რომლის მიხედვითაც კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

დღის ამბები