04 დეკემბერი 2020,   00:36
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიების უკანონოდ შეთანხმების საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ წუთებში კითხავენ

საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიების უკანონოდ შეთანხმების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. ამჯერად, გამოძიება დაინტერესდა ლაშა დარსალიათი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს. 

ლაშა დარსალია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც მან პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ის მზადაა გამოძიებას ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდოს. 

"გამოკითხვა მიმდინარეობს ყველასი, ვისაც აქვს გარკვეული შემხებლობა დემარკაცია დელიმიტაციის პროცესთან იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 1 წელზე ცოტა მეტია მე ვარ ამ კომისიაში, სავარაუდოდ, კითხვები შეეხება კომისიის მუშაობას. 1996 წლის შეთანხმება ეყრდნობა 1938 წლის ხაზს, ყველა მასალა, მათ შორის, ის რუკა, რომელიც დაასახელეთ, რომელიც, შესაძლოა, განსაზღვრავდეს, როგორ გადის 1938 წლის ხაზი, არის, თავისთავად, რელევანტური,"-განაცხადა ლაშა დარსალიამ. 

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებული ივერ მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ლაშა დარსალიამ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და არანაირი დასკვნა არ წარმოუდგენია. 

"ლაშა დარსალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, მას ეს დასკვნა არ წარმოუდგენია არც მედიისთვის, არც საზოგადოებისთვის და არც საქმეში დევს მსგავსი არაფერი. ვერც იარსებებს, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია და ამაზე ექსპერტიზის ის დასკვნაც მეტყველებს, რომელიც საქმეში დევს, რომ თითქოს ეს 200 ათასიანი რუკა არის წინამორბედი ლეგენდის ნაწილი 500 ათასიანი რუკის, რომელიც არის სადავოდ გამხდარი. ამ 200 ათასიანი რუკის კავშირი 500 ათასიან რუკასთან, რაც ლეგიტიმურს გახდიდა არგუმენტს, რომ სწორედ ამ 200 ათასიანი რუკებით უნდა ეხელმძღვანელა კომისიას, ამის მტკიცებულება საქმეში არ არის,"-განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები - ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, რომლის მიხედვითაც კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება.

დღის ამბები