04 დეკემბერი 2020,   00:38
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში დამძიმებული ეპიდსიტუაციის გამო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ  

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, თბილისმა ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისთვის თავისუფლად გადაადგილება შეეძლოს.

ბოლო ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში COVID დაინფიცირებულთა მკვეთრი მატების გამო, კლინიკები გადავსებულია და არის სამედიცინო პერსონალის მკვეთრი დეფიციტია.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ არსებული სიტუაცია გამოიყენოს გადაადგილების თავისუფლების კუთხით, მდგომარეობის გაუმჯობესების ადვოკატირების მიზნით, ეს საკითხი დე ფაქტო მთავრობებთან დააყენოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი შერჩევისა და კორუფციული გზების გამოყენებით ხდებოდეს პაციენტების საქართველოში გადმოყვანა," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

არასამთავრობო სექტორში განსაკუთრებულ პრობლემად პაციენტების ახალგორიდან გადმოყვანას ასახელებენ.

"აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს კონტაქტების დამყარება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი შეიცვალოს და მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ მიიღონ დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება,"- აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი.   

  

დღის ამბები