22 ოქტომბერი 2020,   10:53
ვრცლად
ჩვენი პარტიის ყველა შემომწირველი არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის ქართული ფული - ირმა ინაშვილი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პირველი ნომერი ირმა ინაშვილი "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ პარტიის ყველა შემომწირველი და დამფინანსებელი არის საქართველოს მოქალაქე. ირმა ინაშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსმა" მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მხოლოდ 500 000 დოლარი დახარჯა.

"ჩვენი პარტიის ყველა შემომწირველი და დამფინანსებელი არის საქართველოს მოქალაქე. აუდიტის სამსახურს არც ერთ მათგანთან არ ჰქონია შენიშვნაც კი. ეს შემოწირულობები ვინც განახორციელა ის ხალხი, არის ან ჩვენი პარტიის სიის წევრი, ან ჩვენი პარტიის მოქმედი ლიდერი, ან ჩვენი პარტიის იდეური მხარდამჭერი და ხაზს ვუსვამ - ჩვენს პარტიას ჰყავს იდეური მხარდამჭერები.

პუნქტი მეორე და მთავარი პუნქტი - ჩვენს პარტიას მთელს საარჩევნო პროცესში 500 000 დოლარზე ცოტა მეტი აქვს დახარჯული, მეტს აღარ დავხარჯავთ იმიტომ, რომ პრაქტიკულად არჩევნები მთავრდება, პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ და ეს არის თანხა, რაც ჩვენ დავხარჯეთ და დავხარჯავთ არჩევნებში. აქედან 210 000 არის სახელმწიფო დაფინანსება, 297 000 ლარი ესეც სახელმწიფო დაფინანსებაა სარეკლამო რგოლებისთვის, ანუ დაახლოებით 200 000 დოლარი და რჩება 300 000 დოლარი, რომელიც გაიღეს შემომწირველებმა და ხაზს ვუსვამ, ყველა შემომწირველი არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის ქართული ფული," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები