25 ოქტომბერი 2020,   12:31
ვრცლად
დავით გარეჯი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია, თუ გამოიკვეთა სამართალდარღვევა, ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს - არჩილ თალაკვაძე

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგამოძიებო უწყებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.

"დავით გარეჯი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და თუ ამ პროცესში კომისიის რომელიმე შემადგენლობის და წევრის მხრიდან გამოიკვეთა რაიმე სამართალდარღვევა ან ქმედებები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რასაკვირველია, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ, ვინაიდან ეს არის სამართლებრივი პროცესი და პირველ რიგში, ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

დღის ამბები