25 ოქტომბერი 2020,   12:36
ვრცლად
გამოძიება საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით - ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პროკურატურის განცხადებამ შესაძლოა სამომავლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას

საქართველოს კუთვნილი მიწის უცხო ქვეყნისთვის გადაცემასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლება ახლა თითს "ნაციონალური მოძრაობისკენ" შეგნებულად იშვერს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამან შესაძლოა სამომავლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას და აზერბაიჯანმა ტერიტორიების დასაკუთრება სწორედ საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე მოითხოვოს.

"ეს ადამიანები, ეს უტიფრები, მოღალატეები, როგორც თავის დროზე ოღონდ პუტინისთვის ესიამოვნებინათ, საქართველოს დააბრალეს, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. ახლა მზად არიან თქვან, რომ საზღვრის ის მონაკვეთი დავით გარეჯთან, რომელიც არ არის შეთანხმებული და დავა მიდის, თითქოს შეთანხმდა და თითქოს ეს ტერიტორიები ვიღაცამ დათმო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანული მხარე რომ ჩვენთან დაჯდება მოლაპარაკებაზე, ხომ გვეტყვის, რომ აგერ თქვენ თვითონვე დაგითმიათ ეს ტერიტორიები, მაშინ მოგვეცით და გავავლოთ ხაზი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

დღის ამბები