25 ოქტომბერი 2020,   12:54
ვრცლად
პროკურატურა დღეს საუბრობს ჰაერზე - ნინო კალანდაძე საზღვართან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე

პროკურატურა დღეს საუბრობს ჰაერზე - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურის მიერ საქართველოს კუთვნილი მიწის უცხო ქვეყნისთვის გადაცემასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. მისი განცხადებით, არანაირი ახალი დოკუმენტი ან მასალები არ არსებობს და წამოჭრილ პრობლემას წინასაარჩევნო გეგმის ნაწილს უკავშირებს. ამ ეჭვს ისიც უმყარებს, რომ პროკურატურა არ აკონკრეტებს, თუ რომელი პერიოდის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის დროს გაიცა არასწორი ნებართვა.

"1938 წლის რუკა სახელმწიფოს მიერ მიჩნეულ იქნა, როგორც ყველაზე მომგებიან, სახელმწიფოს ინტერესებიდან ამოსულ რუკად, რომელიც ყველაზე დიდ ტერიტორიებს დაუტოვებდა სწორედ საქართველოს. მას შემდეგ ეს რუკა არ გადახედილა და არცერთ კომისიას ეს რუკა ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია, მათ შორის არ დაუყენებია არც ივანიშვილის ხელისუფლებას. დღეს თუ ამაზეა საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი. იმისთვის, რომ შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის ძალაში იყოს, ამას სჭირდება ხელმოწერა და პარლამენტის რატიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ჰაერზე. ანუ პროკურატურა დღეს საუბრობს ჰაერზე,"- აცხადებს ნინო კალანდაძე.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

დღის ამბები