25 ოქტომბერი 2020,   12:08
ვრცლად
ყველა სადაო და საეჭვო საკითხი იყო გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ - ანდრია ჯაღმაიძე საზღვრების დამდგენი კომისიის მუშაობაზე

დავით გარეჯზე პროკურატურის განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ეხმაურება. მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება რუკების შედგენის დროს ქვეყნის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში. საპატრიარქოს წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ კომისიის ძველი შემადგენლობა საკმაოდ საეჭვო იყო:

"განცხადებებში ჩვენ ადრე ვსაუბრობდით ამაზე, რომ ძალიან დიდ ეჭვს იწვევდა ძველი კომისიის შემადგენლობა. ყველა სადაო და საეჭვო საკითხი იყო გადაწყვეტილი საქართველოს საზიანოდ, ჩვენი ძირძველი სიწმინდეებია, მეტიც, საპატრიარქოს კუთვნილებაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი," - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პროკურატურაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

დღის ამბები