25 ოქტომბერი 2020,   13:14
ვრცლად
ღია ჭრილობები მაქვს თავის არეში, დაახლოებით 10-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად მირტყამდა - მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებული ჟურნალისტი

მარნეულის ინციდენტის შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" ორი დაშავებული აქტივისტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ერთ-ერთის მდგომარეობას ექიმები საყურადღებოდ მიიჩნევენ, მას სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული.

საავადყოფოში იმყოფებოდნენ გამომძიებლები. სამართალდამცველებმა დაშავებულები გამოკითხეს, ასევე წაიღეს მათი ტანსაცმელი, როგორც ნივთმტკიცება.

კლინიკიდან გვიან ღამით გაწერეს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ მასთან კლინიკაში პოლიციელები იმყოფებოდნენ, თუმცა ის ჩვენების მიცემას მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით აპირებს.

დაშავებულთა შორის არიან მედიის სხვა წარმომადგენლებიც. დაზარალებულების ახლობლები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

"ერთ-ერთ პაციენტს აღენიშნება ჰაიმორის წინა მედიალური კედლის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებია სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მესამე პაციენტი უკვე გაეწერა კლინიკიდან," - განაცხადა მორიგე ექიმმა ლიკა ლევანიშვილმა.

"თავის ტრავმა, ასევე მარცხენა ხელის კანქვეშა სისხლჩაქცევები არის. ღია ჭრილობები მაქვს თავის არეში, დაახლოებით ათზე მეტი ადამიანი იყო იქ. ერთდროულად მირტყამდნენ. ესენი იყვნენ "ქართული ოცნების" გაღიზიანებული აქტივისტები," - განაცხადა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ.

ადვოკატ დიანა მარტიაშვილის თქმით, დაპირისპირებაში უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის თანამშრომელი მონაწილეობდნენ.

 

დღის ამბები