25 ოქტომბერი 2020,   11:59
ვრცლად
გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონი ხელიდან გამაგდებინა - მარნეულის პოლიციაში გამოკითხვა გვიან დასრულდა

მარნეულის პოლიციაში ინციდენტში მონაწილე მხარეების გამოკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამართალდამცველთა კითხვებს განყოფილებაში უპასუხეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა, რომელსაც დაპირისპირების დროს კამერა დაუზიანდა.

გამოკითხულთა ნაწილი დაპირისპირების ხელმძღვანელად მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს და "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელს ასახელებს.

პოლიციის ავტოსადგომზეა გადატანილი ინცინდენტის დროს დაზიანებული მანქანა. მომხდარ ინციდენტს მონიტორინგს უწევს სახალხო დამცველის აპარატი. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა.

"მანქანაში ვჯდებოდით და დავინახეთ პიროვნება ბარდიურზე, დაგვიწყო გინება, ლანძღვა, არ მივაქციეთ ყურადღება. ირგვლივ გაჩნდა ალბათ 30 კაცი. შიგნით მოვექეცით მანქანაში, ვლამობდი გადმოსვლას, ვერ გადმოვედით, რის შედეგადაც დაზიანდა მანქანა, მივიღეთ ტრავმები, ბიძაჩემი საავადმყოფოში წევს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დათო ქიმაძემ.

სამოქალაქო პლატფორმა "2020"-ის დამკვირვებლის გიორგი მუმლაძის თქმით, მას თავდასხმის გადაღება მობილურით სურდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა. მისივე თქმით, გიორგაძე მას ასევე ფიზიკურად შეეხო.

"გადავწყვიტე ვიდეო-კადრები გადამეღო, თუმცა ტელეფონი ხელიდან გამაგდებინა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ. გიორგაძემ მითხრა ფრაზა - "შენც ზედმეტი მოგდის" და პირდაპირ დამარტყა თავის არეში. შემდეგ ზურგში და ყელის არეში მომხვდა," - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის რუსუდან ლოლაძის თქმით, ოპერატორს კამერა წაართვეს და ხელი დაარტყეს.

მარნეულის პროკურორის მოადგილის ელიზბარ გოგრიჭიანის განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები