25 ოქტომბერი 2020,   13:12
ვრცლად
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოოდ დასამტკიცებლად კანონმდებლები ვენეციის კომისიიდან რეკომენდაციებს ელოდებიან

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოოდ დასამტკიცებლად, ქართველი კანონმდებლები ვენეციის კომისიიდან რეკომენდაციებს ელოდებიან.

საკითხის განხილვა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს აზუსტებს, გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაამტკიცეს.

კანონპროექტის ერთი პუნქტი კატეგორიულად მიუღებელია ნაზი ჯანეზაშვილისთვის. საუბარია სიახლეზე, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის მუხლით, დასჯადი ხდება საბჭოს შიდა თათბირის დეტალების გასაჯაროება.

"საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა, ამ ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადია, რასაც მე არ ვეთანხმები. ეს იმიტომ დაიწერა, რომ გამაჩუმონ, დამაშინონ და როგორმე მიიღონ ის შედეგი, რაც მათ წლების განმავლობაში უნდოდათ. არანაირი ხმა არ ისმოდეს სასამართლოდან და არავინ საუბრობდეს სისტემაში არსებულ გამოწვევებზე," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" კი ამტკიცებენ, რომ ეს პუნქტი სწორედ მოსამართლეების შერჩევის დროს საბჭოს წევრებზე გავლენების თავიდან აცილებას ითვალისწინებს.

"რაც შეეხება დასაბუთებას, კონკრეტულ ქულებს და ა.შ ყველაფერი ქვეყნდება. საუბარი არის მხოლოდ იმის შესახებ, თათბირის პროცედურა უნდა იყოს თუ არა საჯარო. ამასთან დაკავშირებით არის შემოთავაზებული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს, რომ საბჭოს ნებისმიერ წევრს ეცოდინება თითოეული წევრის მიერ დაწერილი ქულა და ეს არ იქნება საჯარო. ეს ემსახურება მიზანს, არ მოხდეს პოლიტიკური ზეგავლენის განხორციელება. ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იმისათვის, რომ პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ მხოლოდ მათი რეკომენდაციების შესაბამისად ეს კანონპროექტი," - აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები