31 ოქტომბერი 2020,   06:11
ვრცლად
სადახლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" აქტივისტები გვიანობამდე იკითხებოდნენ

სოფელ სადახლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" აქტივისტები მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გვიანობამდე იკითხებოდნენ.

შემთხვევა სადახლოში გუშინ მოხდა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს, როცა ის საარჩევნო ბანერს აკრავდა. მომხდარი პარტიაში "ქართულ ოცნებას" დაუკავშირეს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი და ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებზე საუბრობს. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

"ჩვენ მარნეულში ერთ ადგილზე გვქონდა ბილბორდი, რომელიც მანამდე უკანონოდ ჩამოხსნეს და გუშინ მისი აღმართვა თავიდან ხდებოდა. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ბილბორდის აღმართვით იყო დაკავებული, მის მიმართ საფანტი ისროლეს და ფეხში დაჭრეს და ის ახლა საავადმყოფოშია. მინდა "ქართული ოცნება" მარტივად გავაფრთხილო და ვუთხრა, რომ ვერც საფანტისა და ვერც ქვების სროლა მათ ხელისუფლებას ვერ შეუნარჩუნებს,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი სერგი კაპანაძე.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი და ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებზე საუბრობს. 

"ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. თუმცა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განახორციელეს რაიმე არაკანონიერი ქმედება, ეს ტყუილია. ჩვენ ვამბობდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი აქტივი ეცდებოდა სიტუაციის გარკვეულწილად არევას, როგორც ჩანს ეს უკვე იკვეთება,"- აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები