28 ოქტომბერი 2020,   10:51
ვრცლად
შს მინისტრის მოადგილეები სახალხო დამცველს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა და მას ომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის მხრიდან გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა რადგან მოხდეს ინფორმაციის გაზიარება და მყისიერი რეაგირება საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე.

"შეხვედრის მიზანი გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება, რათა ჩვენი მხრიდან რეაგირება იყოს მაქსიმალურად ოპერატიული, სახალხო დამცველმა, თავის მხრივ, მზაობა გამოთქვა თანამშრომლობის ამ მიმართულებით და ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავუდასტურეთ თანამშრომლობის სურვილი და შემდგომში ძალიან პროაქტიურად ვგეგმავთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას. გარდა ამისა, ჩვენი მხრივ, დამატებითი კითხვები იქნა დასმული მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და შემდგომში უკვე ველოდებით მათი მხრიდან ინფორმაციის დაზუსტებას"- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით კი, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დარღვევებზე, მუდმივი კომუნიკაცია იქნება.

"ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დარღვევებზე, ინციდენტებზე გვექნება მუდმივი კომუნიკაცია. როგორც უკვე განვაცხადე, რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს სავარაუდოდ პირადი ცხოვრების მასალის გამოყენებით აშანტაჟებდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი არის მზად, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდება აღნიშნული შემთხვევა, კონფიდენციალურობის დაცვით, დაიწყოს გამოძიება მსგავსი შემთხვევების. შესაბამისად, ჩვენ სავარაუდო მსხვერპლებს უკვე გადავცემთ, რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციის შედეგებს, რომ შსს არის მზად ცენტრალურ დონეზე მსგავსი შემთხვევების მიმართვის თაობაზე დაიწყოს გამოძიება.

ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, რაც გახდა ცნობილი სახალხო დამცველისთვის იმ ფარგლებში, რის ფარგლებშიც სახალხო დამცველს ჰქონდა მანდატი, რომ ესაუბრა და შევთანხმდით სამომავლოდ როგორ შეიძლება მსგავსი ტიპის დარღვევებზე თუ შეტყობინებებზე გვქონდეს ერთობლივი რეაგირება" - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

 

დღის ამბები