29 ოქტომბერი 2020,   20:57
ვრცლად
პანდემიის ფონზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა მიუთითებს, რომ წინასაარჩევნო პროცესებისადმი ინტერესი დიდია - ოპოზიცია

ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლას ოპოზიციური სპექტრი აფასებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პანდემიის ფონზე, დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ  საქართველოში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებისადმი ინტერესი ძალიან დიდია.

"ჩვენ ვიცოდით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები პანდემიის გამო არცერთ ქვეყანაში არ ჩადიოდნენ და საქართველო, როგორც გამონაკლისი არის ის სახელმწიფო, სადაც ისინი ჩამოვლენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ინტერესია საქართველოში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებისადმი. არავინ მისცემს ივანიშვილის ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ არჩევნები კიდევ ერთხელ გააყალბოს,"- აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით კი, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა იმის ნიშანია, რომ საქართველოს არჩევნები მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის არ არის. 

"ეს არჩევნები მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის არ არის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები იქნება მთავარი ორიენტირი რეგიონში დემოკრატიის განვითარებისათვის," - აღნიშნა "ლელო საქართველოსთვის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ. 

რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრების შეფასებას, ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. 

"ხელისუფლება აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ სადამკვირვებლო მისიები ჩამოვიდნენ საქართველოში და ამ მიმართულებით ჩვენ მათთან ყოველდღიური მუშაობა გვაქვს. ეს მუშაობა კი, თავის ნაყოფს იღებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ეუთო/ოდირის დამკვირვებლები უკვე საქართველოში არიან. 31 ოქტომბრის არჩევნებზე ორგანიზაციის 380-მდე წარმომადგენელი იმუშავებს.

სტუმრები უკვე 48 საათია თბილისში იმყოფებიან, მათ გუნდს ჯილიან სტირკი უხელმძღვანელებს.

ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი 

დღის ამბები