29 ოქტომბერი 2020,   21:47
ვრცლად
ქართული ეკლესია მოუწოდებს ხელისუფლებას, დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო პროცესი გამჭვირვალე იყოს

საპატრიარქო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ქართული ეკლესია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო პროცესი იყოს გამჭვირვალე. ამით ეკლესია გამოეხმაურა გუშინ გამართულ შეხვედრას, რომელშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ქვეყნების საზღვრების შეუთანხმებელ მონაკვეთზე ახალი დოკუმენტები არსებობს. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დისკუსიის განახლების პარალელურად, საპატრიარქოში ამბობენ, რომ იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია და კომისიამ გადაწყვეტილება ორმხრივად აღიარებული 1938 წლის რუკით უნდა მიიღოს, სადაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.

"კურიერთან" საუბრისას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღაიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია საპატრიარქოს ეკუთვნის და მათი ჩართულობა სწორედ ამითაა გამართლებული.

"ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა საზოგადოებისთვის, მეტი გამჭვირვალე ყოფილიყო ეს პროცესი კომისიის მუშაობისა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო.  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო ზოლზე, ერთის მხრივ ეს არი სახელმწიფოს საზღვარი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ საქმის, თუმცა უნდა განვიხილოთ სხვა ასპექტითაც. ეკლესია-მონასტრების ტერიტორიები ეკუთვნის საპატრიარქოს და ამ შემთხვევაში საპატრიარქოს ჩართულობა ამ ფაქტორითაც არის გამართლებული, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ გვეკუთვნის ეს ტერიტორია და ჩვენ კუთვნილებაზეა ლაპარაკი, როდესაც საზღვრის გავლებაზეა საუბარი ზედ კომპლექსის ნაწილზე," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

დღის ამბები