29 ოქტომბერი 2020,   21:42
ვრცლად
მზარდი ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

კიბერუსაფრთხოების ფორუმზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, განიხილავენ საკითხს, თუ რა ბერკეტი აქვს საქართველოს არჩევნების წინ იმისათვის, რომ კიბევრსივრცეში ქვეყნის ინტერესები დაიცვას.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მზარდი ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

"სწრაფი ტექნოლოგიური განვითარებისა და უსაფრთხოების მზარდი კომპლექსური გარემოს ფონზე, ჰიბრიდული გამოწვევები დომინანტური საკითხი საბოლოოდაც იქნება. მტრული მოქმედებები ასიმეტრიული ტაქტიკის გამოყენებას მოიცავს, როგორიცაა კონვენციური და არაკონვენციური სამხედრო შესაძლებლობები, ქვეყნის ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, გამიზნული დეზინფორმაცია, ნეონაცისტური ძალების წახალისება, ეკონომიკისა და ენერგო რესურსების იარაღად გამოყენება.

ჰიბრიდული მეთოდების ფართო სპექტრში კიბერკომპონენტის სამიზნე ქვეყნებში, აქტიურად გამოიყენება დივერსიების, ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და ინფორმაციების მოგროვების მიზნით. მზარდი ჰიბრიდული გამოწვევების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს," - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით კი, კრიტიკული ინფორმაციული სისტემები ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენენ.

"კრიტიკული ინფორმაციული სისტემები და მათში დაცული ინფორმაციული აქტივები, ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. მათ მიერ, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნული სისტემის არქიტექტურის შესწავლა და მოწყვლადი წერტილების აღმოჩენა, რაც სამომავლოდ გამოყენებული იქნება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ,"- აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

თბილისში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, ხაზი გაუსვა ამ ტიპის ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას და განაცხადა რომ, კიბერსივრცეში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და, ზოგადად, ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

დღის ამბები