25 ოქტომბერი 2020,   13:13
ვრცლად
ვერავინ ვერ აუკრძალავს და ვერც დააძალებს სასულიერო პირებს, ვინმეს დაუჭირონ ან არ დაუჭირონ მხარი - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება და საპატრიარქოს დაფინანსება წლების განმავლობაში არ გაზრდილა. 

მანვე აღნიშნა, რომ თუკი რამე ქონება საპატრიარქოს გადაეცა, მხოლოდ კონკრეტული, სასარგებლო პროექტის ფარგლებში და ამ მხრივ, საპატრიარქოს სხვა იურიდიულ პირებთან მიმართებაში უპირატესობა არ აქვს. 

"კითხვაში როგორც მოცემულობა ისე შემომთავაზეთ "ქართული ოცნებისა" და მისი ხელისუფლების მხრიდან ქართული ეკლესიის მზარდი დაფინანსება. იმდენჯერ იმეორებენ ჩვენი ოპონენტი პარტიის ტელევიზიები ამ ყველაფერს, რომ თქვენც კი მოცემულობად მიიღეთ, რომ მზარდი დაფინანსება აქვს ეკლესიას.

ეს ტყუილია - ეს არ არის ფაქტი. თქვენ ვერ მეტყვით როდის გაიზარდა ბოლოს საპატრიარქოს დაფინანსება, არ არის ეს ფაქტი. რამდენიმე წელია, უკვე წლებია საპატრიარქოს დაფინანსება არ გაზრდილა.

რაც შეეხება ქონების გადაცემას - თუკი იყო რაღაც კონკრეტული ქეისი - მახსოვს, სასულიერო აკადემიისთვის ქონების გადაცემა, პირობითად, როგორც ყველა იურიდიული პირი და სუბიექტი, ასეთივე თანაბარი უფლებით სარგებლობს საქართველოს საპატრიარქოც. თუკი ის რომელიმე პროექტს ახორციელებს, პროექტის მიზანშეწონილობაში თუ დარწმუნდება, მაგალითად, მთავრობა, ბუნებრივია, ის მიიღებს რაღაც ქონებას ისევე, როგორც თქვენ რომ იყოთ იურიდიული პირის დირექტორი, თუ მიიტანთ რაიმე პროექტს, რომელიც სასიკეთო საქმეს მოხმარდება, ისევე მიიღებთ თქვენ კონკრეტულ ქონებას ან რაღაც დაფინანსებას, დაფინანსდება თქვენი პროექტი, როგორც საპატრიარქოსი. არანაირი განსაკუთრებული პრივილეგია მას არ აქვს.

არსებობს რაღაც კონკრეტული პარტიული ინტერესი, რომ საპატრიარქოს მიზანმიმართულად დაარტყან. ამას აკეთებდნენ თავისი მმართველობის პერიოდში, და ახლა ურტყამენ მხოლოდ ინფორმაციულად, ისე ვეღარ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სასულიერო პირების მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კონკრეტული სასულიერო პირების უფლებაა. 

"რაც შეეხება სასულიერო პირების მხარდაჭერას - ისევე, როგორც ვერანაირი ჯგუფის წარმომადგენელს ვერ აუკრძალავთ ვერც ვინმეს მხარდაჭერას, ვერც მხარის არ დაჭერას, ასევე ვერ აუკრძალავს ვერც ვერავინ სასულიერო პირებს, ვინმეს დაუჭირონ თუ არ დაუჭირონ მხარი, მათ შორის მმართველ გუნდს. ეს არის მათი გადასაწყვეტი, ვერავინ ვერავის ვერაფერს დააძალებს, ეს კონკრეტული სასულიერო პირის უფლებაა,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები