29 ოქტომბერი 2020,   21:40
ვრცლად
ვიდეოკონფერენცია ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ევროინტეგრაციის თემაზე - რა გამოხმაურება მოჰყვა გზავნილებს თბილისში

საქართველო გახდება ნატოს წევრი, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას აქვს პარტნიორების მხარდაჭერა, საქართველომ უნდა გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა - ეს არის მთავარი გზავნილები, რომლებიც ქვეყანამ ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან მიიღო. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის გენერალური მდივანი როქსანდრა პოპა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.

ვიდეოკონფერენციის დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა თბილისშიც. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების პასიურობაზე საუბრობენ:

"ის პასიურობა, რაზეც ჯეიმს აპატურაი საუბრობს, არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული პასიურობა, იმისთვის, რომ საქართველომ დროულად ვერ მიაღწიოს საკუთარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეს არის სწორედ პუტინის უმთავრესი დაკვეთა საქართველოში. საქართველოს დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა უწყება ვეღარ არიან ისეთი აქტიურები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ეს ხდებოდა ივანიშვილის რეჟიმის მოსვლამდე," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

ხელისუფლების არასწორ აქცენტებზე და დიპლომატიური რესურსის არასწორ ხარჯვაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია:

"იმ საფრთხის პირობებში რომელსაც პუტინის რუსეთი მთელ თავისუფალ სამყაროს უქმნის, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა და დავარწმუნებთ ყველას, რომ საქართველო ნატოში არის საქართველოს ინტერესში, რა თქმა უნდა, მაგრამ - თავისუფალი სამყაროს ინტერესშიც, რათა მოხდეს შეკავება რუსული საფრთხის.

ჯერ ამოცანა უნდა დაისახო. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ყველა ქვეყანაში, შეიძლება, სხვადასხვა სპეციფიკა იყოს, მაგრამ თუ ამაზე მუშაობის ამოცანა დასახული არ გაქვს, თუ მთელ რესურსს - მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხარჯავ, რომ აქო ივანიშვილი, როგორი მაგარი მილიარდერია, დააფინანსა რაღაცა და როგორი ცუდები არიან ოპონენტები და უკვეთავ სტატიებს იმაზე, როგორი კარგი კაცია ივანიშვილი, იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ამოცანები წასწიო წინ - მაშინ გამორიცხულია, რომ შედეგი გქონდეს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს:

"თანამშრომლობის ის ხარისხი და ჩვენი ჯარისკაცების შემართება, თუნდაც დაღვრილი სისხლი, არა მგონია, რომ დაკაკუნების დეფიციტზე მეტყველებდეს.

ნატოსთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს ყველამ იცის, ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს არსად, რუსეთშიც კი ესმით რომ ჩვენთვის ეს არის გამოსავალი და ყველანაირად ხელს უშლიან.

ამისი ინტერპრეტაცია შეუძლიათ მხოლოდ მავნებლურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ თითქოს იქ აკლიათ ცოდნა საქართველოს შესახებ.

რაც შეეხება რჩევას, რომ მეტ კარზე ვაკაკუნოთ და უფრო აქტიურები ვიყოთ, ეს არის კეთილი სურვილი, რომელსაც საქართველო ასრულებს," - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

დღის ამბები