29 ოქტომბერი 2020,   20:11
ვრცლად
"სად არის თქვენი ნაქები ანტიკრიზისული გეგმა, რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა?" - ოპოზიციის კითხვები ნათია თურნავას

პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ელოდებიან, რომელიც პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომა კითხვა-პასუხისა და დებატების რეჟიმში გაიმართება.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მისი პარტიის კითხვები პანდემიის შედეგად დაზიანებულ ეკონომიკას და არაეფექტურ ანტიკრიზისულ გეგმას შეეხება. 

"ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და იმ ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღეს კორონავირუსთან დაკავშირებით და შეწირეს ეკონომიკა. ასევე, იმ ძალიან დიდ დილემას, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით ყველანი, როდესაც, ერთის მხრივ, ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებული და, მეორეს მხრივ, ისევ გვყავს ინფიცირებული ადამიანები. ჩვენი კითხვები ეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც ამ ჩაფლავებულმა გუნდმა შეიყვანა ქვეყანა,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის ერთ-ერთი კითხვა ლარის გაუფასურების საკითხს შეეხება. 

"მთავარი კითხვა იქნება მთავრობასთან, რომელსაც დღეს წარმოადგენს ეკონომიკის მინისტრი, სად არის თქვენი ნაქები ანტიკრიზისული გეგმა, რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა?! რატომ არის დღეს ჩამოშლილი ლარი, რატომ არ უფასურდება ეროვნული ვალუტა სომხეთში, აზერბაიჯანში და რატომ არის, რომ პანდემიის კრიზისმა ყველაზე მძიმედ და დამანგრევლად გადაიარა საქართველოზე,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ეკა ბესელია ყურადღებას პანდემიის შედეგად მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე გააკეთებს აქცენტს. 

"სად არის ის ეფექტი, რომელიც უნდა მოეტანა ანტიკრიზისულ გეგმას, რომელსაც უნდა დაეძლია კოვიდის ფონზე მიღებული უდიდესი ზიანი მოქალაქეებისთვის. ეს არის ქვეყანაში ნომერ პირველი თემა, რადგან ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან. ჩემი აზრით, ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა უთხრას მოქალაქეებს, ამ ღია კითხვებზე რა პოზიცია აქვს მთავრობას,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ის დაინტერესდება, თუ რა პერსპექტივაა კიდევ უფრო გაიზარდოს რესურსი, რათა მეტი საწარმო შეიქმნას და სტარტაპების პროექტები გაფართოვდეს.

დღის ამბები