29 ოქტომბერი 2020,   21:13
ვრცლად
გოჩა თევდორაძე უარყოფს, რომ ირმა ინაშვილის სახელით ბათუმის თეატრის მსახიობებს სასურსათო კალათები დაურიგდათ

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე უარყოფს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშში მოყვანილ ფაქტს, რომ ბათუმის თეატრის 77 მსახიობს "კარფურისა" და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგდათ.

გოჩა თევდორაძის მტკიცებით, ანგარიშში მოყვანილია სიტყვა "სავარაუდო", რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია თავად არ არის დარწმუნებული ფაქტის სიზუსტეში. 

"ანგარიშიდან ამონარიდი ვნახე, სადაც წერია, რომ ბათუმის თეატრის მსახიობებისთვის სასურსათო პროდუქტის შესაძლო გადაცემის ფაქტზეა საუბარი. უმჯობესი იქნება, რომ როდესაც ანგარიშში გვინდა რაიმე მოვლენა ავსახოთ, დადასტურებული იყოს ეს ფაქტობრივად და რეალურად ვიცოდეთ, ჰქონდა ასეთ ფაქტს თუ არა ადგილი. მე მინდა გითხრათ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს, ირმა ინაშვილის ეგიდით. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", ჩვენს მხარდამჭერებს ირმა ინაშვილის სახელით არავითარი სასურსათო პროდუქტი არ დაურიგებიათ. თავად საიაც აღნიშნავს, რომ სავარაუდო ფაქტზეა საუბარი და არა დადასტურებულად, განსხვავებით "ლელოსგან","-განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშში "პატრიოტთა ალიანსის" შესაძლო რუსეთიდან დაფინანსების საკითხიც მოხვდა, რაზეც გოჩა თევდორაძის მტკიცებით, ასევე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია. თევდორაძე დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" აგორებულია. 

"კითხვა შეიძლება გაგიჩნდეს და ეს კითხვა დასვა, მაგრამ როდესაც ანგარიშს აქვეყნებ და ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია, არ შეიძლება სათუო ფაქტებზე იყოს საუბარი. მით უმეტეს, როდესაც ეყრდნობი იმ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ფარატინა ფურცელს, რომელიც გეუბნება, რომ ჩემი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს არ ვაგებო,"-განაცხადა გოჩა თევდორაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მოყვანილ დარღვევებში "პატრიოტთა ალიანსიც" მოხვდა. 

დღის ამბები