01 ოქტომბერი 2020,   03:17
ვრცლად
რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება - სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ფედერაციის წარმომადგენლებს მოუსმინეს

რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ფედერაციის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

პოლიციის შენობიდან გამოსულები ამბობდნენ, რომ მათ გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ ფედერაციაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრეს. 

"გამოძიებას ტრადიციული კითხვები ჰქონდა, რა მოხდა და როგორ მოხდა. რაზეც მქონდა წარმოდგენა, ბუნებრივია ვუთხარი. მე ჩემ ოთახში ვიყავი და გავიგონე გასროლის ხმა. როდესაც გამოვედი იქ ფაქტიურად დამთავრებული იყო ყველაფერი.

მოგეხსენებათ, 7-8 თვეა რაგბის კავშირში სერიოზული პრობლემები იყო. როგორც იქნა დამთავრდა და იყო შექმნილი გუნდების მიერ კომიტეტები, რომლის ერთ-ერთი წევრი, რამაზი იყო. ცდილობდნენ შეესწავლათ ყველაფერი, რაც ხდება რაგბის კავშირში, ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ იქ ინციდენტის მიზეზი რა იყო, ვერაფერს გეტყვით," - აცხადებს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი

მომხდარ ფაქტს იხსენებს რაგბის კავშირის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი სულუხია:  

"ვიყავი აივანზე, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ახალი მისული ვიყავი სამსახურში. დაახლოებთ 10 წუთის შემდეგ გავიგე ჩემთვის ამოუცნობი ხმა, ვერ დავუკავშირე ვერაფერს, უფრო გვერდით მდგომ კორპუსში მშენებლობიდან მეგონა ხმაური. ამ ხმაურიდან 2-3 წამში შემომესმა ჩხუბი, რის შემდეგაც გავედი გარეთ, რომ გამერკვია. მოდიოდა რამაზი და იყო დაჭრილი," - ამბობს რაგბის კავშირის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი სულუხია

შეგახსენებთ, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ ბესელია სამართალდამცველებმა მცხეთაში აიყვანეს. დაკავებული ზაჰესის იზოლატორში იმყოფება და მას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

დღის ამბები