30 სექტემბერი 2020,   09:22
ვრცლად
სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში - დავით ბაქრაძე

იმ შემთხვევაში თუ "ნაციონალური მოძრაობა" თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს გვარებს: სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ადეიშვილი, მისაღები იქნება თუ არა "ევროპული საქართველოსთვის" ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება? - "ღამის კურიერის" ეთერში კითხვას "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ უპასუხა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში და მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრად არ იქნებიან.

"როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად.

იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, მაგრამ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები.

დიახ, პიროვნების როლი პარტიაში იყო ერთ-ერთი თემა, რის გამოც ჩვენ გვქონდა მაშინ განსხვავებული ხედვა," – განმარტა დავით ბაქრაძემ.

"საპარლამენტო არჩევნების შედეგად, "ცესკო-ს" მონაცემების თანახმად შეძლებს მოსვლას იმ რაოდენობით, რომ არ დასჭირდეს კოალიციაში არავისთან შესვლა, აღიარებს თუ არა ასეთ არჩევნებს "ევროპული საქართველო?" – დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება სურთ, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება "ევროპული საქართველო" ხალხის ნებას დაემორჩილება და არჩევნების შედეგებს აღიარებს.

""ევროპული საქართველო" აღიარებს არჩევნებს, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, მშვიდობიანად და სადაც ადამიანებს ექნებათ აზრის გამოხატვის საშუალება. ეს ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს, მათ შორის ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ ორივეჯერ მე იმავე საღამოს პირველად გამარჯვება მივულოცე მარგველაშვილს და იმ პოლიტიკურ სიტუაციაში და მაშინდელ დაპირისპირებაში ეს არ იყო ადვილი გასაკეთებელი. 2018-შიც, მეორე ტური იყო ამიტომ გამარჯვება არავისთვის არ მიმილოცია ბუნებრივია, მაგრამ ვთქვი, რომ მე ვაღიარე შედეგი.

ჩვენი მკაფიო განაცხადი არის ის, რომ ხელისუფლება ქვეყანაში უნდა შეიცვალოს არაძალადობრივიად, პოლიტიკურად და არჩევნების გზით. ამიტომ თუ ხელისუფლება არ იზამს იგივეს, რაც გააკეთა შევარდნაძემ 2003-ში, ან რასაც აკეთებს ლუკაშენკო ახლა მინსკში, თუ ასე მოიქცევა ხელისუფლება და ხალხი ქუჩაში გამოვა ხმების დასაცავად რა თქმა უნდა აბსოლუტურად სხვა პროცესში შევდივართ და სხვა რეალობაში და მინდა გითხრათ, რომ გულწრფელად ვისურვებ, რომ საქართველოს ამ რეალობაში შესვლა არ დასჭირდეს და მინსკი თბილისში არ ვიხილოთ არასდროს. თუ ამ რეალობაში არ შევა ხელისუფლება და არ გადავა ყველა ზღვარს მიღმა, არ დაკარგავს საღ აზრს და ჩატარდება ნორმალური არჩევნები, მისაღები სტანდარტით და ნორმალური პირობებით, რა თქმა უნდა დიახ, ჩვენ მკაფიოდ ვიძახით, რომ არჩევნების შედეგებს და ხალხის ნებას ვემორჩილებით და ცვლილება, რომელიც ძალიან გვინდა, რომ შევცვალოთ, ძალიან გვინდა, რომ "ქართული ოცნება" სახლში გავუშვათ, მაგრამ თუ დემოკრატიულ არჩევნებს მოიგებენ, ხალხის ნებას და დემოკრატიას ჩვენ დავემორჩილებით," - განმარტა დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები