20 სექტემბერი 2020,   08:09
ვრცლად
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ხვალ ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა. ორმხრივი მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმის ფარგლებში ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 191.

"ზოგადად წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი ჰუმანიტარული მექანიზმების ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. წლების წინ შეიქმნა ეს ფორმატები, თუმცა პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხდა 2013 წელს და მას შემდეგ მიმდინარეობს ეს პროცესი. სულ იდენტიფიცირებულია და გადმოსვენებულია 191 პირი, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისას. მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შევხვედროდით 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო იდენტიფიცირებული პირის ოჯახს, რომელთაც კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას"-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები