29 სექტემბერი 2020,   11:06
ვრცლად
ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ რეალურად რეიტინგი 60%-მდე გვაქვს - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ციფრები რეალობასთან შედარებით ახლოს დგას, თუმცა მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი 60%-მდეა.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს მონაცემები "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტური სცენარის შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს, ოპოზიციური პარტიებისთვის კი - ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. 

"უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ ჩემი აზრით, გნებავთ სუბიექტურად ჩამთვალეთ, ეს არ არის ზუსტი მონაცემები, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მზაობა გვაქვს რომ გავიზიაროთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - რეალურად, ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის - ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ შედეგის გამართლება მაშინ ასე ვიტყოდი. პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით 33%, თქვენი კვლევით 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა. თუმცა, ამ სიფრთხილესაც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ავტორიტეტულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" 52%
"ენმ" 19%
"ევროპული საქართველო" 8%
"პატრიოტთა ალიანსი" 5%
"ლელო" 5%
"ახალი საქართველო" 4%
 სხვა 7 %

დღის ამბები