28 სექტემბერი 2020,   06:16
ვრცლად
ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობის გადახედვას და შესაბამისი ზომების მიღებას აპირებს

ბელარუსში მასობრივი დაკავებები გრძელდება. სამართალდამცველები ქუჩაში შეუიარაღებელ ადამიანებს თავს ესხმის და სასტიკად უსწორდება. ქვეყნის მასშტაბით, უკვე მესამე დღეა აქციები მიმდინარეობს. მთავარი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკია კი ლიეტუვაში იმყოფება.

დაკავებულია დაახლოებით 6000 აქტივისტი და 50 ჟურნალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა. 

ამ ფონზე მკაცრდება ევროკავშირის პოზიცია ბელარუსის მიმართ. ევროპული გაერთიანება სანქციებზე საუბრობს. 

"ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა და სადამსჯელო ღონისძიებები ადამიანთა თავისუფლებებისა და უფლებების მიმართ მიუღებელია. ევროკავშირი გადახედავს ურთიერთობებს ბელარუსთან და მიიღებს შესაბამის ზომებს,“ - ნათქვამია  განცხადებაში. 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ტიხანოვსკაიას ბელარუსის დატოვების გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონია.

"მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა ქვეყნის დატოვებისა. მას აქვს ლიეტუვის ვიზა და შეუძლია აქ დარჩეს. მე მასთან აღარ მისაუბრია, ის ძალიან დაღლილია და უნდა დაისვენოს. მე არ ვიცი როგორია მისი გეგმები, ტიხანოვსკაიას შვილები უფრო ადრე ჩამოვიდნენ ლიეტუვაში. დეტალებზე საუბარი არ მსურს, ეს იყო მისი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას თანაგუნდელი, მარია კოლესნიკოვა ბელარუსის ხელისუფლებს ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. როგორც მარია კოლესნიკოვა ამბობს, ხალხს ცვლილებები სჭირდებათ და ეს ძალადობა არასდროს დაავიწყდებათ. 

"ვთხოვ მოქმედ ხელისუფლებას, შეაჩეროს ძალადობა და ყური დაუგდოს ხალხის ნებას. ეს ხალხი არ გაქრება, ისინი უკვე ვეღარ დაივიწყებენ მიმდინარე მოვლენებს, ისინი ვეღარ იცხოვრებენ როგორც უწინ, მათ  ვერ წაუშლი მეხსიერებას, ვერ აიძულებ მორჩილებას და ვერ მოისყიდი. მათ ცვლილებები სჭირდებათ. ხელისუფლებას უჭირს აღიარება, რომ ცვლილებები სურთ თავად ბელარუსებს და არა ილუზიურ მმართველებს საზღვარგარეთიდან,“ - განაცხადა მარია კოლესნიკოვამ. 

 

დღის ამბები