29 სექტემბერი 2020,   18:17
ვრცლად
აუცილებლად შევხვდები დაზარალებულ მხარეს - ეკატერინე ტიკარაძე დაზარალებული პაციენტისა და ექიმების დაკავების საქმის შესახებ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მედიკოსების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ საუბრობს. საუბარია 25 წლის ქალზე, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა.

როგორც მინისტრმა "დღის კურიერში" აღნიშნა, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა, რათა ზუსტად იქნას გამოკვლეული ის გადაცდომა, რასაც ადგილი ჰქონდა ამ პაციენტის შემთხვევაში.

მინისტრის თქმით, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანაა საჭირო. 

"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გვაქვს არაერთი ხარვეზი საკანონმდებლო ბაზაში, არაერთი მნიშვნელოვანი და საჭირო ცვლილების შეტანის აუცილებლობა. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით გარკვეულწილად განვითარების ფაზაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა მოექცეს არა მხოლოდ ევროპის საკანონმდებლო ბაზის მსგავსად გამჭვირვალე და უხარვეზო ფორმაში, არამედ თვითონ საქართველოშიც ჩამოყალიბდეს უკვე ის საჭირო კულტურა და ჩარჩო-დოკუმენტები, რომლითაც შეუძლიათ, როგორც ერთის მხრივ ექიმებმა, მეორეს მხრივ პაციენტებმა და ასევე რა თქმა უნდა, იურისტებმა და საგამომძიებლო ორგანოებმა იხელმძღვანელონ.

კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მე დავეთანხმები რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, არსებული კანონმდებლობით და რეგულაციებით, ექიმს ამის უფლება არ ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წამყვანი ქვეყნების რეგულაციებში არის სხვადასხვაგვარი მიდგომები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულმა საბჭომ იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს ყველა ის საჭირო ცვლილება, რათა ყიფიანის მსგავსად, ხვალ და ზეგ ჩვენ არ მივიღოთ დამატებითი დამნაშავე ექიმები, ვინაიდან, ისევე როგორც პაციენტის უფლებების დაცვისთვის, ასევე ექიმებსაც სჭირდებათ ის გარემო, სადაც ის შეძლებს უსაფრთხოდ გაატაროს თავის საექიმო საქმიანობა, სადაც მას კონკრეტულად ეცოდინება, თუ რა რის მისი სპეციალობის და დარგის კომპეტენციების ფარგლები და არ გადაუხვევს ამ ჩარჩო დოკუმენტს,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმითვე, ის დაზარალებულ მხარეს აუცილებლად შეხვდება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მისი ვალდებულებაა დაიცვას პაციენტის ინტერესები, შესაბამისად ის დაზარალებულ მხარს შეხვდება და მოისმენს, კონკრეტულად რა პრეტენზიები და მოლოდინები აქვს დაზარალებულ მხარეს.

"მე აუცილებლად შევხვდები დაზარალებულ მხარეს, სამწუხაროდ, ისინი კონკრეტულად ამ მომენტში იმყოფებიან სამინისტროში. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მე არ ვარ ახლა სამინისტროში და სავარაუდოდ, სამწუხაროდ დღეს ეს შეხვედრა ვერ შედგება, თუმცა დავნიშნავთ ამ შეხვედრას უახლეს მომავალში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები