28 სექტემბერი 2020,   06:59
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფიცირებულ ექიმსა და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალის კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა, ლუგარის ცენტრში კი დამატებით 60 ნიმუში გაიგზავნა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის რეგიონის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.

"კურიერმა" ის სამედიცინო დაწესებულებები გაარკვია, სადაც მომუშავე პერსონალს COVID-19 დაუდასტურდა. ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევები და ვირუსის გავრცელების ტემპის შესაჩერებლად დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს. 

ექიმი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის შიდა ქართლში 2 სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს - "გორმედში" და გორის სამხედრო ჰოსპიტალში. თანამშრომლების განცხადებით, სამედიცინო პერსონალის აქტიური ტესტირება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე არცერთ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს. აღნიშნული ინფიცირებული ექიმი თბილისის კლინიკებშიც მუშაობდა. "კურიერი" დღეს ყველა კლინიკაში იმყოფებოდა. 

"კოვიდი დაუდასტურდა სამედიცინო პერსონალს, კერძოდ ექიმს. მოხდა ამ ექიმის კონტაქტების გამოკვლევა.

27 ნიმუშიდან ერთ-ერთი დადასტურდა, კოვიდის დიაგნოზი ერთ-ერთ მედდას დაუდასტურდა. ამჟამადაც გრძელდება ეპიდკვლევა. თვითიზოლაციაში ამჟამად იმყოფება გორსა და გორის რაიონში 78 პირი. ამჟამადაც გრძელდება ნიმუშების აღება. მაცნობეს, რომ დაახლოებით 60 ნიმუშია აღებული. 

ეს ექიმი მუშაობდა არა მარტო ერთ კლინიკაში, არამედ რამდენიმე კლინიკაში. ამჟამად გაძლიერებულია ინფექციის კონტროლი საავადმყოფოებში," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის რეგიონის განყოფილების უფროსმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ორი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ერთი ინფიცირებული ექიმი, მეორე კი მედდაა. შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.

დღის ამბები