01 ოქტომბერი 2020,   20:49
ვრცლად
საქართველოში, ბოლო დღეების განმავლობაში, COVID ინფიცირების შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, დღევანდელ რეალობაში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. წლის დასაწყისში ვაქცინის შექმნის ალბათობა რომ დავუშვათ, ამ დრომდე ბუნდოვანია საკითხი მისი ვარგისიანობის შესახებ, ასევე, უცნობია, თუ რამდენი ხნის განმავლობაში დაიცავს ის ადამიანს და კიდევ ერთი - რამდენად ხელმისაწვდომი იქნება პრეპარატი.

კონკრეტული ვაქცინის შექმნამდე, ჯანდაცვის უწყება მის ხელთ არსებული მექანიზმების მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობს. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, მოქალაქეების მხრიდან უსაფრთხოების წესების დაცვა, სხვადასხვა ლოკაციაზე გაფართოებული ტესტირების ჩატარება და საზღვრების ეფექტური კონტროლი, ამ ეტაპზე ეპიდვითარების მართვის საუკეთესო საშუალებაა. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების მატების რისკი რეალურია.

დღეს კოვიდინფიცირების 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. ცნობილია ყველა მათგანის დაინფიცირების წყარო. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე ქვეყანაში გამოჯანმრთელებული ადამიანების პროცენტული რაოდენობა 82%-ს შეადგენს.

ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი არ ნიშნავს ვირუსის დამარცხებას - ასეთია ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მოსაზრება. ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები გვირჩევენ და გვაფრთხილებენ, რომ ყურადღების მოდუნება ამ ეტაპზე შეიძლება დამღუპველი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ამიტომ მათი განმარტებით, ყოველდღიურ ყოფაში ვირუსთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება რეგულაციების მკაცრი დაცვაა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 1216 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 996. COVID ცენტრებში მკურნალობას 241 პაციენტი განაგრძობს.

დღის ამბები