18 სექტემბერი 2020,   14:38
ვრცლად
საქართველო NATO-ში - რა გამოხმაურება მოჰყვა ამერიკელი კონგრესმენის მხარდამჭერ განცხადებას საქართველოში

საქართველოს ათწლეულების სურვილს მხარდაჭერას ადამ კინზინგერი უცხადებს. კონგრესში აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ დროა ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. მხარდამჭერ განცხადებაში კონგრესმენი სკეპტიკოსთა მთავარ არგუმენტს უპირისპირდება და ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ს ოკუპაცია გაწევრიანების პროცესში დაბრკოლება არ უნდა იყოს.

ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მზაობას ადასტურებს პრემიერი. გიორგი გახარია ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრობას პირდაპირ უკავშირებს საქართველოს მთავარი პრობლემის- ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ამ ტიპის მხარდამჭერი გზავნილების ადრესატი ქართველი ხალხია და არა "ქართული ოცნება". ოპოზიცია მმართველ პარტიას კინზინგერის კრიტიკულ განცხადებებს ახსენებს.

საქართველო NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა სამშვიდობო მისიებში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი განწყობის პარალელურად ქვეყნის NATO-სადმი დამოკიდებულებაზე ეს ფაქტიც მეტყველებს.

NDI-ს მიერ ივლისში გამოქვეყნებული კვლევით, NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს. კითხვაზე, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს.

დღის ამბები