18 სექტემბერი 2020,   14:57
ვრცლად
რას ჩაწერს საქართველოს პროგრესის შესახებ მაიკ პომპეო საკუთარ ანგარიშში, რამაც შესაძლოა ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების ოდენობა განსაზღვროს

ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის მოსამზადებლად 180 დღე აქვს. კონგრესი დოკუმენტის წარდგენას შტატების "2021 - ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის" კანონად მიღებას ელოდება. აქტი, როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა განიხილა. კანონპროექტის სრული ტექსტი ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ იყო.

დოკუმენტში წერია, რა მიმართულებით უნდა მოხდეს საქართველოს დახმარება - დემოკრატიული ღირებულებების განვითარება, საარჩევნო რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღება და დაცვა, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროების გაძლიერება. კანონპროექტს თან ახლავს საკითხები, რომელზეც სახელმწიფო მდივანმა ანგარიში უნდა მოამზადოს.

საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესი სახელმწიფო მდივნის ანგარიშს რომ ელოდება, ეს აქამდეც ცნობილი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არც ის არის გასაკვირი, რომ პარტნიორი ქვეყანა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო რეფორმის და შესაძლო კორუფციის საკითხებით ინტერესდება.

საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ მაიკ პომპეოს ანგარიშზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ვაშინგტონი საპარლამენტო არჩევნებსაც უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდება.

საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებშიც შტატების სახელმწიფო მდივნის ანგარიშს ელოდებიან. ფიქრობენ, რომ დოკუმენტი კრიტიკული იქნება და ეს 2 ქვეყანას შორის ურთიერთობაზე აისახება.

სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაში "ქართული ოცნება" ოპონენტებს ადანაშაულებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შტატებთან კავშირები კიდევ უფრო ღრმავდება და ოპოზიციის მცდელობა მას საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო ვერსია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წარმომადგენელთა პალატა და სენატი მის საერთო ვერსიაზე შეჯერდება და კონგრესის მთელი შემადგენლობით უყრის კენჭს. მაიკ პომპეოს ანგარიშის მოსამზადებლად მიცემული 180 დღიანი ვადის ათვლა კი, სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

დღის ამბები