18 სექტემბერი 2020,   13:56
ვრცლად
ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საგამოძიებო უწყებაში გადავიდა

ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მთლიანად საგამოძიებო უწყებაში გადავიდა. ეს და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც საარჩევნო რეფორმის პროცესში გატარდა, აუდიტის სამსახურმა არასამთავრობო სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან განიხილა.

ევროსაბჭოსა და აუდიტის ეროვნული სამსახურის მიერ გამართულ შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს, როგორებიცაა პარტიების დეკლარაციების შევსებისა და მათი დამფინანსებლების საკითხები.

აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა ამომრჩეველთა მოსყიდვის საკითხის კრიმინალიზაცია.

"შეხვედრის მიზანი იყო, გაგვეცნო ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ ჩვენი კომპეტენცია დატოვა შესაძლო მოსყიდვის საკითხმა და მოხდა მისი კრიმინალიზაცია და გადავიდა ადმინისტრაციული კოდექსიდან სისხლის სამართლის კოდექსში,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ცვლილებები მისაღებია. 

„ახლა მთავარი არის ამ კანონის იმპლემენტაცია. ჩვენ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ თემებზე. გავამახვილებთ კიდევ უფრო მეტად მომავალში, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები და საზოგადოებას გავაცნობთ უკვე ამ ნორმების ცხოვრებაში დანერგვის შედეგებს,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დღის ამბები