28 სექტემბერი 2020,   07:19
ვრცლად
დარწმუნებული ვიყავით, რომ უცხოელ სპეციალისტებთან გვქონდა კავშირი - კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი გოგოს მამა

"დღის კურიერის" სტუმრობისას კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის ნათია ცირეკიძის მამა აცხადებს, რომ ვიდრე მის შვილს ოპერაციას გაუკეთებდნენ, დაპირება მიიღეს, რომ ოპერაციას უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებდნენ, თუმცა რეალურად შედეგი სხვა დადგა.

"ვიმყოფებოდით კლინიკაში, ამჟამად დაკავებულ ბატონ ყიფიანთან მქონდა შეხვედრა. რომელმაც მითხრა, რომ უცხოელი სპეციალისტები იტალიიდან ჩამოჰყავდათ და ატარებდნენ ამ პროცედურას. ჩვენც დავთანხმდით, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა მხრივ წავიდა ყველაფერი.

ასეთ გართულებას არ ველოდით. ერთხელ ჩატარებული გვქონდა სექტემბერში და საერთოდ 5 წუთიანი პროცესი იყო. სიხშირის აბლაცია უნდა მომხდარიყო. ერთხელ ჩაუტარდა, მაგრამ ტკივილი არ მოუხსნა და შემდეგ გადაწყვიტეს მეორედ ჩატარება, რა დროსაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა, შეცდომა დაუშვეს, დატოვეს უჟანგბადოდ ანესთეზიოლოგმა და გამოიწვია ეს შედეგი. 

პრობლემა იმაშია, რომ გვეუბნებიან ერთს, რომ ჩაატარებს უცხოელი სპეციალისტი და ახლა გვიხსნიან, რომ სულ სხვამ ჩაატარა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ უცხოელ სპეციალისტებთან გვქონდა კავშირი. მეც მქონდა გასაუბრება მათთან რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ამ პროცედურას დაიწყებდნენ, ამიხსნეს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შემდეგ სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები," - აღნიშნა მირზა ცირეკიძემ.

ცირეკიძის თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის არანაირი გაუმჯობესება არ აღინიშნება.

"საერთოდ ვერაფერს ვერ პროგნოზირებენ და ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. ყოველდღე უარესდება, უკეთესობა არ არის," - განაცხადა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალის მამამ.

დღეს სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. ერთ-ერთი ბრალდებული მაგდა ხოჭოლავა საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების ფორმა მას დაუსწრებლად შეეფარდება.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დღის ამბები