08 აგვისტო 2020,   13:18
ვრცლად
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული გელათი საფრთხეშია - უხარისხოდ შესრულებული გადახურვის გამო წვიმამ ტაძრის ფრესკები დააზიანა

გელათის ტაძრის დაზიანებულ სახურავზე მონასტერში საუბარი არ სურთ. სასულიერო პირები კამერასთან პრობლემის შესახებ ღიად ლაპარაკს ერიდებიან, თუმცა ტაძრის მომსახურე პერსონალი ადასტურებს, რომ კომპლექსის მთავარ ღვთისმშობლის შობის ტაძრის ქვედა კალთების დახურვისთვის გამოყენებული კრამიტი უხარისხო აღმოჩნდა და გადახურვიდან 3 თვეში დასკდა.

დაზიანებების იდენტიფიცირება, რომლებზეც სასულიერო პირები აღარ საუბრობენ მარტში მოხდა. იმას, რომ ტაძრის ქვედა კალთაზე მოჭიმული კრამიტი დაბალი ხარისხის არის და ზამთარს ვერ გაუძლო, "კურიერს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც დაუდასტურეს.

ადრესატები პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას აკისრებენ და განმარტავენ, რომ ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ რაც იმას ნიშნავს, რომ ტაძრის სახურავი შეიცვლება, მანამდე კი, დროებითი გადახურვის პროექტი შემუშავდა.

მონასტრის ცენტრალურ ტაძარში წყლის ჩასვლის გამო საფრთხე შეექმნა საუკუნეების მხატვრობას. დაზიანდა ჭერი, კედლები და ფრესკების ნაწილიც. დაზიანებული სახურავის შესახებ კადრები სოციალურ ქსელში პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია-მ" გაავრცელა. ორგანიზაციის წარმომადგენელი პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

გელათის ტაძრის მხატვრობა, რომ არასახარბიელო მდგომარეობაშია ამას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მხატვრობის კონსერვაციისთვის ერთიანი პროექტი შემუშავდება.

გელათის კომპლექსური რეაბილიტაცია "ხელოვნების საერთაშორისო" ცენტრმა განახორციელა. ტაძრის გადახურვისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორება სწორედ შემსრულებელ კომპანიას დაევალა. კომპანია ხარვეზების გამოსწორების პირობას დებს, შეცდომას აღიარებს, თუმცა რეაბილიტაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს დასაშვებად მიიჩნევს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გადახურვის გამოსასწორებელი სამუშაოებისთვის ფინანსებს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" გაიღებს.

დღის ამბები