08 აგვისტო 2020,   09:58
ვრცლად
ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სანამ ინციდენტები უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო. შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს მისიის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა, რომლებსაც აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს ობიექტური, ფაქტებზე დამყარებული შეფასება და ანგარიშები.

"ჩემი აზრით, ჩვენი ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინციდენტებისა და დაკავებების შესაფასებლად, სანამ ისინი უკონტროლო ზღვრამდე გამწვავდება.

ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მძიმე მდგომარეობაა, რაც უკავშირდება ბორდერიზაციის პროცესს და ასევე, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კონტროლირებადი გამშვები პუნქტების დაკეტვას.

სამწუხაროდ, გარკვეული ინციდენტები სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

პანდემიის პერიოდშიც, ამ მდგომარეობამ თავისი გარკვეულწილად ნეგატიური გავლენა იქონია მოსახლეობაზე. ამიტომ, მივმართავთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის გადაჭრაში, გავერთიანდეთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა მწვავე საკითხებზე ვიმსჯელოთ.

შესაბამისად, ეს ამ პრობლემების საპასუხოდ სწორი და შესაფერისი ფორმატია, სადაც თავიდან უნდა ავირიდოთ არასაჭირო პოლიტიკური რიტორიკა.

ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული პრაგმატული დიალოგის გაგრძელება," - აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები