14 აგვისტო 2020,   12:17
ვრცლად
აუცილებელია გაიზარდოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი - პრეზიდენტი  საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებაზე

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებას, სადაც მოსკოვი საქართველოს მოქალაქეების მიერ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გადაკვეთის ფაქტებზე წერს და თბილისს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებს, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ პროცესებში სადამკვირვებლო მისიების მხრიდან ეფექტური კონტროლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია სადამკვირვებლო მისიის მანდატი გაიზარდოს:

"ჩვენ ყველანი ვართ მომსწრე იმისი თუ რა სიხშირით არიან ადამიანები გატაცებული, ვიცით თუ რა მძიმე არის ჰუმანიტარული მდგომარეობა ადმინისტრაციული ხაზის იქით. მე კიდევ ერთხელ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს დავუდასტურე ჩემი და ადმინისტრაციის მხარდაჭერა ამ მისიის მიმართ, ყველა პირობები შექმნილი იყოს, რათა იმათმა შეასრულონ თავიანთი მანდატი. აუცილებელია, რომ გაზრდილი იყოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა შეძლოს ვითარება უფრო ეფექტურად გააკონტროლოს. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ არ უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას და ვეძებოთ ყველა საშუალება რითაც შესაძლებელი იქნება ეს დაძაბულობა მოიხსნას და ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ სიტუაციას და შესრულდეს ბოლომდე 2008 წლის შეთანხმება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს  საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო. შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე არსებულ მძიმე ვითარებას.

დღის ამბები