14 აგვისტო 2020,   11:22
ვრცლად
გლდანის ციხეში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა - გარეგანი დათვალიერებით მას დაზიანებები არ აღენიშნება

გლდანის ციხეში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარეგანი დათვალიერებით ზ.ხ.-ს დაზიანებები ამ დროისთვის არ აღენიშნება.

ის ერთ-ერთია იმ 6 ნაძალადეველს შორის, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახეს. პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვები მიმდინარეობს - ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებაში ანა გაბეჩავას მეგობრები მარიამ ხატისკაცი და ლიზი ნადირაძე განმეორებით გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ასევე საქმის 18-ე ტომში დევს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსადმი. უწყება ითხოვს დადგინდეს დაზიანებები, რომელიც შაქარაშვილს აქვს მიღებული, ხომ არ უკავშირდება ხიდიდან ვარდნას.

ოჯახის ვერსიით 19 წლის ფეხბურთელი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს, სადაც დაიხრჩო.

ზ.ხ-ს უფლებადამცველი გიორგი გელხაური, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გარეგანი დათვალიერების შედეგად მას არანაირი დაზიანებები არ აქვს.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი კონფლიქტში არ მონაწილეობდა.

შსს-ში დღეს ანი გაბეჩავას მეგობრები იკითხებოდნენ, უცნობია გამოძიებას რა კითხვები აქვს ამ კონკრეტულ პირებთან. 

შსს-ში დღეს მორაგეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც იმყოფებოდა, მისი თქმით მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები, თუმცა ეს ყველაფერი საქმის მასალებში არ ჩანს.

"შესაძლოა გამოძიება 109 მუხლთან დაკავშირებული არ იყოს და ცალკე წარმოება დაიწყოს,"- განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები