11 აგვისტო 2020,   22:44
ვრცლად
შესაძლოა თუ არა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს - დავით ზალკალიანი ევროკომისიის დოკუმენტს დადებითად აფასებს, ოპოზიცია კი მის ოპტიმიზმს არ იზიარებს

ზედიზედ მესამე წელია, ევროპაში თავშესაფრის მაძიებლების რიცხვით საქართველო მოწინავეა - აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორების და დასავლეთ ბალკანელების მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულება იყო 25 გვერდიანი ანგარიშის თემა. მასში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, პრობლემები იგივეა : არალეგალები, თავშესაფრის მაძიებლები და კრიმინალები საქართველოდან.

დოკუმენტში ვკითხულობთ:

"ბოლო მონაცემებით თავშესაფარი ევროპაში 21,570-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, ეს კი, წინა წელთან შედარებით 9 პროცენტით მეტია. ის, რომ საგანგაშო სტატისტიკის შესაჩერებლად ქვეყანამ საკანონმდებლო ბაზა შეცვალა - დოკუმენტშიც წერია, თუმცა ევროკომისიაში სხვა პრობლემებზეც მიუთითებენ, მაგალითად იმაზე, რომ 2018-დან 2019 წლამდე ევროპაში უკანონოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა მთელი 26 %-ით მოიმატა და 11,845 ადამიანს ითვლის. დოკუმენტში გაჩნდა ახალი ჩანაწერიც, რომელიც თავისი შინაარსით წმინდა საგარეო საკითხს არ წარმოადგენს, თუმცა ევროკომისიის შეშფოთებას იწვევს, ეს საქართველოში არსებული კორუფციაა".

დავით ზალკალიანისთვის ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ მასალაში მინისტრი არ საუბრობს ანგარიშის პრობლემურ ნაწილებზე, ის ყურადღებას, უფრო მეტად, პოზიტიურ ჩანაწერებზე ამახვილებს. კერძოდ იმაზე,რომ საქართველომ ევროპოლთან და ფრონტექსთან თანამშრომლობა გააძლიერა, რაც დოკუმენტში მოწონებულია. ისევე როგორც პანდემიის დროს 1 3000 საქართველოს მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნება.

მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებენ ოპოზიციაში, ვისთვისაც პრობლემის მთავარი არსი ქვეყნის სუსტ ეკონომიკაში და უმუშევრობის მაღალ დონეშია, რომელიც მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლას აიძულებს. ისინი პოსტპანდემიურ პირობებში ამ საკითხის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას ელიან, რასაც, მათი თქმით, ეფექტიანი მმართველობა სჭირდება. ანგარიშში ყველაზე დიდ ყურადღებას ხელისუფლების ოპონენტები კორუფციის შესახებ ჩანაწერზე აკეთებენ.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის დოკუმენტი ცალსახად პოზიტიურია, ნეგატიურ ნაწილზე საკითხზე საუბრისას კი ამბობს,რომ კორუფციის მიმართულებით რეკომენდაციების გათვალისწინება და მუშაობა გრძელდება.

რიგით მე-3 დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მომზადდა, იმაზეცაა საუბარი, რომ რეადმისიის მაჩვენებელი 52%-მდეა შემცირებული და ამ მექანიზმით მხოლოდ 8,520 მოქალაქე დაუბრუნდა სამშობლოს. თუმცა, ანგარიშის ავტორები იმაზე მიანიშნებენ,რომ დაბრუნების მაჩვენებლის შემცირება არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგად არ უნდა აღიქმებოდეს.

დღის ამბები