11 აგვისტო 2020,   23:22
ვრცლად
8 ინფიცირებული 24 საათში - მარინა ეზუგბაია მოსახლეობას უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისაკენ მოუწოდებს

საქართველოში ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან 5-ის შემთხვევაში კორონავირუსის გადაცემის წყარო სატვირთო ავტომობილის მძღოლი აღმოჩნდა. მამაკაცს ვირუსი თურქეთიდან შემოსვლის შემდეგ, მეორადი ტესტირებისას დაუდასტურდა. უკვე დღეს COVID-19 მისი ოჯახის წევრებს დაუდგინეს. მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. კარანტინის რეჟიმშია გადაყვანილი კიდევ 18 პირი, ვისთანაც სატვირთოს მძღოლს კონტაქტი ჰქონდა.

კიდევ ერთი ქალაქი, სადაც ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, ქუთაისია. ვირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა და ორკვირიან კარანტინს გადიოდა.

სულ, დღეს გამოვლენილი შემთხვევების ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 981-მდე გაიზარდა. სტატისტიკისა და ახალი შემთხვევების წარმომავლობის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. ეზუგბაიას შეფასებით დინამიკა მიანიშნებს, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოების წესები კვლავ მაქსიმალურად უნდა დაიცვან.

დღეს სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ კლინიკებიდან 5 პირი გაწერეს. ქვეყნის მასშტაბით COVID ცენტრებში ამ დროისთვის, 148 პაციენტი რჩება. ექიმების ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევებში მდგომარეობა საშუალო სიმძიმის ან მსუბუქია. გართულებების გარეშე მიმდინარეობს აბიტურიენტის მკურნალობა, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. სტაბილურია 28 ჯარისკაცის მდგომარეობაც, რომლებსაც ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულება COVID-19-ით დაინფიცირების გამო, დროზე ადრე მოუწიათ და ამჟამად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან.

დღის ამბები