11 აგვისტო 2020,   23:45
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე 17 ტომამდე გაიზარდა - ბუნდოვანი ეპიზოდები და ბრალდებულების დუმილი საქმის გამოძიებას ართულებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილს ბრალი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაუმძიმდება. ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებისა და პროკურატურის მიერ მუხლის დაზუსტების შემდეგ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე გრძელდება. ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი - პროკურატურამ ახლა ამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. რამდენად ზუსტია ოჯახის ვერსია, რომ გიორგი ცემის შემდეგ თავდამსხმელებმა წყალში ჩააგდეს, კრიმინალისტიკური ექსპერტის ზაზა ალთუნაშვილის აზრით, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.

კიდევ ერთი ანალიზი, რომელმაც საქმეში ერთ-ერთ ბუნდოვან ეპიზოდს უნდა მოჰფინოს ნათელი, ჩანთაზე დნმ-ია. როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა ხიდის ბეტონის ჯებირზე, ამ დრომდე უცნობია, ანალიზმა უნდა აჩვენოს, ვინ შეეხო გარდაცვლილი ახალგაზრდის გარდა შავი ფერის ჩანთას.

შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის პასუხი უნდა აგოს ნაძალადეველების იმ ექვსეულმა, რომელიც არაგვის ხიდთან ჩხუბში "ტოიოტა კამრის" მარკის ავტომობილით, მერსედესის შემდეგ მივიდა. სწორედ ამ ახალგაზრდებმა ნახეს ბოლოს გიორგი ცოცხალი. ამ ეპიზოდში აგარაკზე ნაცემი ჩიქოვანი, მორაგბეები მახარაძე და გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი, აკაკი ქვრივიშვილი და არასრულწლოვანი ზ.ხ. მონაწილეობდნენ. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებისათვის ბრალის დამძიმებას არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამორიცხავენ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე 13-დან 17 ტომამდე გაიზარდა. ახალ მასალებში 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის შესახებ დამატებითი ჩვენებები და მტკიცებულებები დევს, თუმცა, გახდება თუ არა ეს საკმარისი დაკავებულებისათვის ბრალის დასამძიმებლად, უცნობია. რა მოხდა საბედისწერო ღამეს არაგვის ხიდის მიმდებარედ - ამ საკითხზე ჩხუბში მონაწილეები, მათ შორის, შაქარაშვილის მეგობრები ამ დრომდე არ საუბრობენ.

დღის ამბები