08 აგვისტო 2020,   13:29
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანი მე-5 პუნქტია, რომელიც ოლიგარქების მმართველობის შეზღუდვას ეხება - გიორგი კანდელაკი კონგრესში წარდგენილ კანონპროექტზე

კონგრესში წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც საქართველოს შესაძლოა შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15%-ი შეუჩერდეს, რამდენიმე პირობა დაემატა.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუციების გასაგრძელებლად.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი მე-5 პუნქტია, რომელიც ოლიგარქების მმართველობის შეზღუდვას ეხებოდა.

"ყველაზე მნიშვნელოვანია მე-5 პუნქტი, რომელიც ოლიგარქების მმართველობის შეზღუდვას ეხებოდა. ამ პუნქტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ამბობს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ცუდია. ეს არ შეესაბამება არც ამერიკის და არც საქართველოს ინტერესებს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი. 

პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ მათ კრიტიკულ გზავნილზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოეხდინათ.

"პასუხისმგებლიანი ხელისუფლება თუკი დაინახავდა, რომ არის ასეთი შეშფოთება ჩვენს მეგობრებს შორის, იტყოდა რომ ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ მოწოდებას, შევეცდებით ცვლილების განხორცილებას ყველა მიმართულებით, სწორედ ეს იქნებოდა ადეკვატური რეაგირება. მაგრამ, ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც პირიქით ამბობს, რომ ამისთვის მათ არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ," - აღნიშნავს პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

დოკუმენტის პირობები მოიცავს: საარჩევნო რეფორმების ეფექტურად განხორციელებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების უფლებების, ასევე მედიის დამოუკიდებლობის დაცვას, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავ წვდომასა და ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვას მთავრობის ფუნქციების შესრულებასა და კანონმდებლობაზე.

 

დღის ამბები