08 აგვისტო 2020,   13:56
ვრცლად
ერთ-ერთ კონგრესმენს სურდა კანონპროექტში სანქციები შესულიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხა - ირაკლი სესიაშვილი

კონგრესში წარდგენილ კანონპროექტს, რომლითაც საქართველოს შესაძლოა შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15%-ი შეუჩერდეს, რამდენიმე პირობა დაემატა.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუციების გასაგრძელებლად.

მმართველ გუნდში სიცრუეს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონგრესმა კანონში საქართველოს შესახებ სანქციები შეიტანა. 

"სიცრუეა ის, რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ ის, რომ ამას უკვე შემდგარ ფაქტად ასახელებენ. ასეთი პროექტები ადრეც არსებობდა, სადაც საუბარი იყო ოლიგარქიულ მმართველობაზეც და უცხოური ბიზნესის შევიწროებაზეც, მაგრამ რეალურად არაფერი დადასტურდა და მით უმეტეს, კონგრესსაც არ მიუღია ეგეთი გადაწყვეტილია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაცილებით სერიოზულია ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება ერთ-ერთი კონგრესმენის ინიციატივა იყო, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. 

"ეს არის ერთ-ერთი კონგრესმენის ინიციატივა, რომელსაც სურდა კანონპროექტში შესულიყო მსგავსი ტიპის ცვლილებები, თუმცა ეს ვერ მოახერხა. მხოლოდ ანგარიშშია სანქციებზე საუბარი და კანონპროექტს არანაირად არ უკავშირდება. კომპანია "ფრონტერას" გარკვეული კონგრესმენები ლობირებენ და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. მე მესმის, რომ ჩვენს შიდა მტრებს გარკვეულწილად უხარიათ და ცდილობენ, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს სურთ ძლიერი საქართველო,"- აღნიშნავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. 

დოკუმენტის პირობები მოიცავს: საარჩევნო რეფორმების ეფექტურად განხორციელებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების უფლებების, ასევე მედიის დამოუკიდებლობის დაცვას, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავ წვდომასა და ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვას მთავრობის ფუნქციების შესრულებასა და კანონმდებლობაზე.

დღის ამბები