15 აგვისტო 2020,   14:42
ვრცლად
პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში ადგილებს იყოფს - იქნება თუ არა სიაში პაატა ბურჭულაძე

საარჩევნო სიამ "ძალა ერთობაშიას" სახელის ქვეშ არსებული გაერთიანება შეიძლება დაშალოს. იქნებიან, თუ არა, პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები "ნაციონალური მოძრაობის" საერთო სიაში - ეს საკითხი ჯერ დისკუსიისა და კონსულტიციების საგანია, თუმცა, "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ კოალიციურ საპარლამენტო სიაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოაყალიბებს, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძეც იქნება. მსოფლიო ბანი და მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩნდა, თუმცა უკვე 2016 წელს პარტია და პოლიტიკა ერთდროულად დატოვა.

პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც იღებდა, მას ამომრჩეველთა 3,45 %-მა დაუჭირა მხარი.

თავად ბურჭულაძით და ფონდ "იავნანას" საქმიანობით კი გამოძიება დაინტერესდა და საქმე ამ დრომდე დახურული არ არის, პროკურატურა მსოფლიო ბანს თანხების მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა.

პაატა ბურჭულაძეს დღეს "კურიერი" ვერ დაუკავშირდა, თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ის უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნდება და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ბურჭულაძის თანაპარტიელ ნატო ჩხეიძეს, "კურიერის" ინფორმაციით, სიაში ადგილი გარანტირებული აქვს, ის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარეა. ჩხეიძე "კურიერთან" არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ მისი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ნატო ჩხეიძე ამჟამად პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია, მანამდე კი "პატრიოტთა ალიანსის" წევრი იყო და თანაგუნდელებთან ერთად, არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, ხვდებოდა დუმის იმ დეპუტატებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტზე კრემლისტური შეხედულებებით გამოირჩევიან. ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია "იბერიის" თანადამფუძნებელიცაა, რომლის თანამშრომლებიც 2018 წლიდან მენეჯმენტის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების დარღვევაზე საუბრობდნენ და ჟურნალისტები ამ დრომდე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

კოალიციურ სიაში მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის" 2 ადგილი უკვე გარანტირებული აქვს, საინტერესოა დაუთმობს თუ არა, "ნაციონალური მოძრაობა" სიის კიდევ ერთ ადგილს ნიკა მაჭუტაძეს, რომელიც ამავე მოძრაობის წარმომადგენელია და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, აქტიურად იყო ჩართული გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიაში. ის "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ მისთვის ჯერ უცნობია მოხვდება თუ არა, 2020 წლის პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, თუმცა ამბობს, რომ მთავარი ამ შემთხვევაში ერთიანობის შენარჩუნებაა.

არ არის გამორიცხული, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით ისარგებლოს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულში მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატმა, გიორგი კაპანაძემ. "პრესა.ჯის" ხელმძღვანელის პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ინფორმაცია მედიით გავრცელდა. კაპანაძე ამბობს, რომ შეთავაზება ოფიციალურად არ ჰქონია.

ჟურნალისტი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლისთვის მზადაა, "კურიერთან" ადასტურებს, რომ მაშინ, როდესაც "რუსთავი 2-ში" ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა და შენობაში უშიშროების სამსახური შემოვიდა, ის ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

არც გიორგი კაპანაძის შესაძლო მაჟორიტარობას და არც სიაში განსაზღვრულ კონკრეტულ გვარებზე კონკრეტული სია ჯერ "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჩამოუყალიბებია, თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ ისინი კოალიციის მომხრეები არიან, პროპორციულ სიას მალე წარმოადგენენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ მასში "ძალა ერთობაშიას" ლიდერებიც მოხვდნენ.

არჩევნებამდე 3 თვე რჩება, პროპორციული სიის მიმართ ინტერესი კი ყოველდღიურად იზრდება. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ძალებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც "ძალა ერთობაშია" საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახით უნდა გავიდეს, თუმცა, არჩევნებამდე 3 თვით ადრეც ჯერ უცნობია - რა ფორმით მიიღებს გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას და იზიარებს თუ არა, "ნაციონალური მოძრაობა" ამ მემორანდუმის შინაარსს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები