09 აგვისტო 2020,   13:37
ვრცლად
განსხვავებული პარტიების ერთიანობა - ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დღეს წერილობით გამოეხმაურნენ

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ის, რასაც განცხადებაში ოპოზიციონერები წერენ, აქამდეც არაერთხელ უთქვამთ, თუმცა ამჯერად სათქმელმა წერილობითი სახე მიიღო და ერთობლივ პოზიციას მოუყარა თავი. ტექსტი ერთის მხრივ ხაზს უსვამს ცვლილებების მიღებაში მოქალაქეებისა და პარტნიორების როლს, მეორეს მხრივ კი იმას, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩება, რომ რურუა გასათავისუფლებელია, შერჩევითი სამართალი კი დასასრულებელი.

თავისი დატვირთვით განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე გამოხმაურებაა, რომელშიც პარტიები საკუთარ განსხვავებულობასაც უსვამენ ხაზს, თუმცა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთიანობას აანონსებენ. უპასუხისმგებლოდ და კურიოზულად მიიჩნევენ ვითარების "ოცნებისეულ" თარგმანს, რომელიც მათი თქმით, ქვეყანას აზიანებს.

სათქმელში სიახლე დღეს არც მმართველ გუნდს ჰქონია. მათთვის 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია და ნათელია, რომ მასში სწორედ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა, ისტორიულ კენჭისყრაზე არ მისვლით. "ქართული ოცნებისთვის" ოპონენტების სტრატეგია არასერიოზულად გამოიყურება.

ასე არ ფიქრობს ჯიმ რიში, ამერიკელი სენატორი, რომელიც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების მოლოდინი გამოთქვა.

რაც შეეხება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებზე ერთ-ერთ მთავარ მომლაპარაკებელს, კარლ ჰარცელი შეთანხმებაზე და მომავალ პროცესებზე ჩვეული დიპლომატიით საუბრობს.

18 პოლიტიკური პარტიის განცხადებაში პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლის გზაზე ერთიანი კონსოლიდაციის გაგრძელებას გეგმავენ, ამის პარალელურად კი გიორგი რურუას გათავისუფლებას პრინციპულად ელოდებიან.

დღის ამბები