25 ოქტომბერი 2020,   23:52
ვრცლად
ჩვენს ქვეყანაში ისეთი სასტიკი გამოწვევებია, როგორიც არასდროს ყოფილა, დონალდ ტრამპი კი საკუთარ თავს ტაშს უკრავს - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიცის მხრიდან ძალადობის შედეგად ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები უკვე მეთორმეტე დღეა იმართება.

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მანჰეტენზე საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა.

კალიფორნიაში აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დაიჩოქეს. რასიზმისა და სამართალდამცველთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ავსტრალიასა და კანადაშიც. კანადაში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიიღო.

ჯასტინ ტრუდომ დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა საჯარო დაჩოქებით გამოხატა.

შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს. ტრამპი გააკრიტიკეს ოპონენტებმაც.

შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის გაცხადებით, დროა დონალდ ტრამპი საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს.

"ჩვენს ქვეყანაში ისეთი სასტიკი გამოწვევებია, როგორიც არასდროს ყოფილა, დონალდ ტრამპი კი საკუთარ თავს ტაშს უკრავს. ჩემი აზრით, მას წარმოდგენაც არ აქვს რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. წარმოდგენა არ აქვს იმ ტკივილის სიღრმეზე, რომელსაც ამდენი ადამიანი განიცდის. დროა, საკუთარი ბუნკერიდან გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა და ქმედებების შედეგებს შეხედოს,"- აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი.

დღის ამბები