04 აგვისტო 2020,   09:33
ვრცლად
სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა - მაისის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

ქვეყანაში პირველად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზრდა. მაისის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში კი ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა.

კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვე-ჯგუფებზე: ხილი და ყურძენი, რძე, ყველი და კვერცხი, პური და პურპროდუქტები 9.2 პროცენტი. ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).

"ინფლაციის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე ძირითადად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელის ფასების ცვალებადობამ მოხდინა გავლენა. ჯგუფში ფასები დაახლოებით 14-15%-ით არის გაზრდილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასების ზრდა ხილის ჯგუფზე. წინა წლის პერიოდთან შედარებით 47%-იანი მატებაა. ასევე, ფასები რძის პროდუქტებზე დაახლოებით 24%-ით გაიზარდა. 17%-ით თევზეულზე, 15%-ით კი, შაქარზე და ტკბილეულზე," - აცხადებს  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე.

ინფლაციის მაჩვენებლის ზრდასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ სფეროში მომუშავე პირები განმარტებებს აკეთებენ. 

მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს ფასები მნიშვნელოვან პროდუქტებზე. 

"იმ ფონზე, როდესაც ადამიანების შემოსავლები კრიზისის ფონზე მცირდება, და მთავრობა მათ უდიდეს ჯგუფს დახმარებას არ აძლევს, ბევრად მწვავე პრობლემად არის გადაქცეული პროდუქტებზე ფასების ზრდა,"- აღნიშნავს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ექსპერტების თქმით ასევე, ამ მომენტში მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს. 

"ფასების მატება საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მტკივნეული იქნება. ის პირდაპირი ინსტრუმენტები, რაც ამჯერად ხელისუფლებას გააჩნია, არის ის, რომ პირდაპირ მოახდინოს სუბსიდირება. ხოლო უფრო სწორი ამ დროს არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს,"- განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაია.

 

დღის ამბები