13 ივლისი 2020,   02:41
ვრცლად
2020 წლის ოქტომბერში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრიდან მოუწევს - პოლიტიკურ ველზე ახალი პარტიები ჩნდებიან 

2020 წლის პოლიტიკურ ველზე კიდევ ერთი საარჩევნო სუბიექტი ჩნდება, რომელიც "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატებით იქნება დაკომპლექტებული.

ვატო შაქარიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი, შესაძლოა, კვლავ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანებულები ვიხილოთ, ამჯერად ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს.

პოლიტიკიდან საზოგადოებრივ მოძრაობაში და პირიქით - ალეკო ელისაშვილი ამომრჩეველთა ხმებისთვის ბრძოლას ახალი ფლანგიდან იწყებს. საკუთარი გეგმების შესახებ თავდაპირველად მან "ფეისბუკის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება კი სიმბოლურად, სწორედ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია. ვიდეომიმართვაში პირობას დებს, რომ პარტიულ ინტერესებზე წინ საქართველოს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას დააყენებს. თუმცა ვინ იქნება მის გუნდში 2020 წლის არჩევნებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია. 

არჩევანს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე გააკეთებს და გადაწყვეტილებას დაახლოებით 10 დღეში გაახმაურებს ლევან კობერიძე. ის არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური პარტია დამოუკიდებლად შექმნას, სადაც მისივე თანაფრაქციელები, სავარაუდოდ, არ იქნებიან.

თუკი მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება, ამომრჩევლების ხმებისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად შეეცდება კახაბერ ოქრიაშვილი. ის ამბობს, რომ ამისთვის რეიტინგიც და მოსახლეობის შესაბამისი მხარდაჭერაც აქვს.

ხალხის ხმას გაახმოვანებს თუ არა პარლამენტში, ჯერ არ იცის, თუმცა საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელი ანა დოლიძე მომავალში ამ მოცემულობასაც არ გამორიცხავს.

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პოლიტიკოსები სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკვე აწყობენ. ერთი რამ უკვე ცხადია, 2020 წლის ოქტომბერში საარჩევნო ყუთთან მისულ ამომრჩეველს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრიდან მოუწევს არჩევნის გაკეთება.

დღის ამბები