16 ივლისი 2020,   21:02
ვრცლად
გახსნილი ქვეყნების შიში და მეორე ტალღის მოლოდინი - რა საფრთხეებს ხედავენ ქართველი ექიმები ტურისტული სეზონის დადგომასთნ ერთად

პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ვირუსის გავრცელების რისკები ქვეყანაში ისევ რჩება. მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ საზღვრების გახსნა ყველაზე დიდ რისკთან არის დაკავშირებული და გარკვეული ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, თუ როგორ მიიღოს ქვეყანამ უცხოელი ტურისტები.

კორონავირუსმა შესაძლოა ნებისმიერ დროს იჩინოს თავი. სპეციალისტები მოქალაქეებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ინფექციონისტები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არა შიდა რეგულაციების მოხსნის შემდეგ აანონსებენ, არამედ საშიშროებას ტურიზმის ამუშავების შემდეგ ხედავენ.

ექიმები, რომლებიც 3 თვეა უხილავ მტერს შიშველი ხელებით ებრძვიან და ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ, რომ რეგულაციების გაუქმება არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს და დამარცხებას. ექიმებისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ მოპოვებული შედეგების შენარჩუნება.

სლოგანი - "ყველამ ერთად ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად" დიდხანს დარჩება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ საქართველო მუდმივ მზადყოფნაშია, რადგან
ნებისმიერი რეგულაციის მოხსნის ეტაპზე ვირუსის გავრცელების რისკი ყოველთვის არსებობს, 5-თვიანი გამოცდილება უკვე იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ქვეყანა ამ გამოწვევასაც გაუმკლავდება.

ქვეყნების გარკვეულ ნაწილში დაწესებული შეზღუდვების მოხსნამ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ისევ გამოიწვია. საფრანგეთმა სასწავლო პროცესი 16 მაისს აღადგინა, თუმცა ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 70-მდე სკოლა 1 დღეში ისევ დახურა. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ COVID შემთხვევები გაიზარდა გერმანიასა და ესპანეთშიც.

სამხრეთ კორეაში გასულ კვირას ხელისუფლებამ სასწავლო პროცესი აღადგინა, გახსნა ღამის კლუბები და ბარები, რის შემდეგაც, ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა კატასტროფულად იმატა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებს რამდენიმე მთავარი გზავნილის დამახსოვრება და გათვალისიწინება აუცილებლად მოუწევთ. პანდემიამ მთელ მსოფლიოს ასწავლა, რომ მუდმივი მზადყოფნა მნიშვნელოვანია.

დღის ამბები