12 ივლისი 2020,   14:25
ვრცლად
სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების ვადები 4-დან 3 თვემდე შემცირდება - ჯანდაცვის სამინისტროს 36-ე დადგენილებაში ცვლილება შეაქვს

ჯანდაცვის სამინისტროს 36-ე დადგენილებაში ცვლილება შეაქვს. სამედიცინო დაწესებულებებისთვის ანაზღაურების ვადები 4-დან 3 თვემდე შემცირდება. მინისტრმა განცხადება დღის "კურიერში" გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიმდინარე თვეს სრულად დაიფარება იანვრის, ივნისის ბოლომდე კი თებერვლისა და მარტის ანაზღაურება.

დღეს მოქმედი წესებით, შესრულებულ სამუშაოს კლინიკებს მხოლოდ 4 თვის შემდეგ უნაზღაურებენ. ცვლილებების შემდეგ კი, რომელიც დასამტკიცებლად მთავრობის უახლოეს სხდომაზე უნდა გავიდეს, ანაზღაურება ერთი თვით ადრე იქნება შესაძლებელი. კლინიკებში აცხადებენ, რომ ცვლილება სამედიცინო სექტორისთვის შეღავათი იქნება.

სამინისტროს ინიციატივას დღეს იმ კლინიკების ნაწილმაც უპასუხა, რომელმაც მანამდე პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის სახელზე საგანგებო მიმართვა გაავრცელა და კორონაპანდემიის გამო შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ჰოსპიტალური სექტორის მხარდაჭერა მოითხოვა ისევე, როგორც ეს ბიზნესის სხვადასხვა სფეროს შემთხვევაში მოხდა.

განცხადების ხელმომწერები იმედოვნებენ, რომ დიალოგი გაგრძელდება და მთავრობა მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს. მიმართვაში კლინიკები აცხადებენ, რომ მკვეთრად დაკლებულია გეგმიური მიმართვიანობა, შეჩერებულია გეგმიური ქირურგიული და სხვა ტიპის ჩარევები, რაც საავადმყოფოებს აზარალებს. მათი მთავარი მოთხოვნა, 2020 წელს დაგეგმილ სამედიცინო ჩარევებზე ტარიფების ცვლილებების გადავადება, 520-ე დადგენილების ტარიფების გადახედვა და იმ პირობების 6 თვით გადადებაა, რომლებიც 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს, რათა სამედიცინო სექტორს რეაბილიტაციის საშუალება ჰქონდეს.

დღეს კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრმა პირდაპირ ეთერში უპასუხა. ეკატერინე ტიკარაძეს განსხვავებული პოზიცია აქვს და თვლის, რომ კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან.

მიმართვას ხელს 9 კლინიკა აწერს, მათმა ნაწილმა დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

დღის ამბები